„გზააბნეული პერსონაჟი მოლაპარაკებებს აჭიანურებს“ – მედვედევი ზელენსკიზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელახლა არჩევა უკიდურესად საშიშია, ის მოლაპარაკებებს აჭიანურებს და 18 წლის ახალგაზრდებს ომში გაგზავნის.

მედვედევი და ზელენსკი

მედვედევის თქმით, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირი თვითნებურად აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს.

„გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამჟამინდელი მომენტისა და ე.წ. უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილების ამომწურავი დახასიათება წარმოადგინა. მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მათთვის საკმაოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში არის მზად. კიეველი ჯამბაზი უბრალოდ არალეგიტიმური გახდა. მან კენჭისყრით ხელახლა არჩევაც შეიძლება სცადოს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად სახიფათოა: ის ან ვინმე (ვალერი) ზალუჟნისთან წააგებს, ან მის სუსტ, ბრძოლაში მყოფ ფიგურას ანგლოსაქსონი გროსმაისტერები უბრალოდ საჭადრაკო დაფიდან აიღებენ.

ე.ი, ეს გზააბნეული პერსონაჟი გაქონილ მწვანე მაისურში კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს, ყოველმხრივ აჭიანურებს მოლაპარაკებებს და 18 წლის ახალგაზრდებს ომში გაგზავნის“, – აცხადებს მედვედევი.