ეგვიპტის პრეზიდენტი: პალესტინელების იძულებითი გადაადგილება არის უსამართლობა, რომელშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ პალესტინელების საკუთარი მიწიდან იძულებითი გადასახლება არის უსამართლობა, რომელშიც ეგვიპტე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეგვიპტის პრეზიდენტი

ალ-სისი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას გამოეხმაურა, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ პალესტინელი ლტოლვილები თავიანთ ქვეყანაში მიიღონ.

„პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ეგვიპტის ისტორიული პოზიციის ურყეობა ვერასოდეს იქნება შელახული. ეგვიპტე მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და მისი შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი ხალხისა და ტერიტორიის შენარჩუნებას“, – განაცხადა სისიმ კენიის პრეზიდენტთან უილიამ რუტოსთან ერთად კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეგვიპტეს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც ცდილობს, მიაღწიოს სასურველ მშვიდობას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საფუძველზე“.

„ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, მიაღწიოს ამ დიდი ხნის ნანატრ მიზანს ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, ტრამპმა წარმოადგინა ღაზას სექტორის „გასუფთავების“ გეგმა და მოუწოდა პალესტინელებს, გადასულიყვნენ „უფრო უსაფრთხო“ ადგილებში, როგორიცაა ეგვიპტე, ან იორდანია.