შვედეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მინისტრის თქმით, ამ თანხიდან დაახლოებით 90 მილიონი დოლარი უკრაინული შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონების წარმოებას მოხმარდება.

„დაახლოებით 250 მილიონი დოლარი სხვადასხვა საერთაშორისო ფონდში გადაირიცხება. 178 მილიონი დოლარი მოხმარდება „დანიურ მოდელს“, რომელიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის თანხებს იზიდავს“, – განაცხადა იონსონმა.

მთლიანი პაკეტის მეოთხედი იქნება შვედეთის არმიის მარაგებიდან აღებული იარაღი, მათ შორის 16 საბრძოლო კატარღა (უკვე მიწოდებული 16 ერთეულის გარდა), 1 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 200 ერთეული AT4 ყუმბარმტყორცნი.

მთელი პაკეტის 45%, ანუ 534 მილიონი დოლარი, უკრაინის საჭიროებებისთვის შვედეთსა და ევროპაში ახალი იარაღის წარმოებას მოხმარდება. ქვეყნის მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს შვედეთისა და ევროპის მიმწოდებლებთან ისეთი პრიორიტეტული აღჭურვილობის გაგზავნაზე, როგორებიცაა არტილერია და დრონები.

როგორც შვედეთის მთავრობის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეს უკრაინის სამხედრო დახმარების უკვე მე-18 პაკეტია. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შვედეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი პაკეტების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 61,9 მილიარდი შვედური კრონაა.

იონსონის მიერ გამოცხადებული დახმარების პაკეტი შედგება რვა კომპონენტისგან, რომელთაგან ყველაზე დიდია კიევისთვის უახლესი აღჭურვილობის შეძენა ძირითადად შვედური და სხვა ევროპული თავდაცვის ინდუსტრიებისგან.