აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება იმისთვის, რომ უკრაინაში ომს წერტილი დაუსვას.
ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ამ საუბარს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
„ვისაუბრებთ და ვფიქრობ, შესაძლოა, რაიმე მნიშვნელოვანი მოვიმოქმედოთ. გვინდა, ამ ომს წერტილი დავუსვათ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რუსეთ-უკრაინის საშინელი ომი არ დაიწყებოდა“, 2022 წელს ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.
„ეს უბრალოდ უაზრო სიტუაციაა და მისი დასრულება აუცილებელია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რომ ეს გავაჩერო. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – ამბობს ტრამპი.
კითხვაზე – უკვე ესაუბრა თუ არა პუტინს, ტრამპმა უპასუხა:
„ამაზე საუბარი არ მსურს. ჩვენ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს ამ თემაზე. ჩვენ ვცდილობთ, ამას წერტილი დავუსვათ რუსეთთან ერთად“.