ჯგუფ „დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ილია ღლონტი განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაჰყვათ.
განყოფილებაში გადაყვანის მომენტში ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მისი სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი ხვალინდელ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა.
როგორც ილია ღლონტის მეგობრები აცხადებენ, ჩხრეკის მომენტში, სახლში შესვლის უფლება არავის მისცეს. ჩხრეკას არ დასწრებია ადვოკატიც.
„ხვალინდელი აქციის ეშინიათ, დავანახებთ რამდენი ვართ, ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს და ხვალ ვაჩვენებთ რამდენი ვიქნებით”, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ილია ღლონტის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, „ლაივ რეჟიმში” სოციალურ ქსელში აშუქებდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებს. აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.
კერძოდ, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ” ჯგუფის, „დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს” კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც, საიდანაც გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტექნიკა ამოიღეს. გაჩხრიკეს კიდევ ერთი აქტივისტის ისაკო დევიძის სახლიც.
შსს-მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებენ.