აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინის ომის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ადმინისტრაციას „შეხვედრები და მოლაპარაკებები“ აქვს დაგეგმილი უკრაინასთან, რუსეთთან და „სხვადასხვა მხარესთან“.
„ჩვენ საქმე გვაქვს უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილია შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან. ვფიქრობ, ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთთან „ძალიან სერიოზულ“ დისკუსიებს აწარმოებს.
ამ განცხადების საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამორიცხვა აშშ-რუსეთის ომის შესახებ მოლაპარაკებებიდან „ძალიან საშიში იქნება“. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებს უნდა ესწრებოდნენ არა მხოლოდ შეერთებული შტატები, უკრაინელები და რუსები, არამედ ევროკავშირის წარმომადგენლებიც.