შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა

რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა

მათივე ცნობით, ერთობლივი საწარმო, ამ ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.

„სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა და „მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის, ხოლო ფართო კონტექსტში – სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1300 მგვტ პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.

წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ განახორციელა, დაადგინა, რომ აღნიშნული პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში. იგი ასევე აერთიანებს რეგიონულ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერირება კონკურენტულ ფასებში განახლებადი წყაროებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეტანილია ENTSO-E ქსელის განვითარების 2024-2034 წლების 10-წლიან გეგმაში, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პროექტი წარედგინა ევროკომისიას საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესრულებას.

Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY-ის დამფუძნებელი კომპანიები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – ღსს „აზერენერჯი“, საქართველოს მხრიდან – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრეთის მხრიდან – MVM Energy Private Limited Company, ხოლო რუმინეთის მხრიდან – National Power Grid Company Transelectrica S.A. ერთობლივი საწარმო თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე თანაბრად მიიღებს მონაწილეობას კომპანიის მართვაში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.