„ოცნება” ყველა ხიდებს წვავს – პარლამენტში ოპოზიციის მანდატების გაუქმების პროცედურა დაიწყო

მმართველი პარტია უახლოეს დღეებში აპირებს მკვეთრად გაამკაცროს ის კანონები და რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად საპროტესტო აქციებს უკავშირდება. კვირას „თბილისი მოლთან” ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტებს ბრალის კვალიფილაცია შეუცვალეს და სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ. ოთხშაბათს კი პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე იწყებს მსჯელობას.

საუბარია სამ ოპოზიციურ კოალიციაზე, რომელთაც, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, 5%-ანი ბარიერი გადალახეს. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა „ქართულ ოცნებას” შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რადგან მმართველმა პარტიამ ამ საკითხზე მსჯელობა გადაწყვიტა, ოპოზიციას უფლებამოსილებას შეუწყვეტენ კიდეც. სხვების აზრით კი, ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუჩერდებათ.

„რადგან მსჯელობას აპირებენ, როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. სხვა შემთხვევაში ისინი გააგრძელდებდნენ იმ პოლიტიკას, რაც აქამდე ჰქონდათ”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან” საუბრისას.

ეს საკითხი 5 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს. დღის წესრიგში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” წევრებისთვის – ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ” 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებებისთვის” პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ” 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას „გახარია საქართველოსთვის”. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება, სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

თავად ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მათი მანდატების გაუქმება, სავარაუდოდ, ოთხშაბათსვე მოხდება. „კოალიცია ცვლილებებისათვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაკავებულ ნიკა მელიას, რომელიც მალევე გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რადგანაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავდა, მანდატის გაუქმების შემდეგ ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

„მოგეხსენებათ, სამ პარტიას უხსნიან იმუნიტეტს, გახარიას პარტიის გარდა სამივე პარტიას. მე არ მაქვს იმუნიტეტი, მაგრამ დანარჩენებს, ნიკა მელიას პირველ რიგში იმიტომ, რომ ვნახეთ, დაკავებული იყო, ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებსაც, ხვალ ასევე წარუდგენენ ბრალს.

ჩემი პარტიის ნახევარმა ამ თვეების განმავლობაში გაიარა ციხეში, ნაწილმა ადმინისტრაციულით, ნაწილმა სისხლით. საერთოდ ყველა ლიდერი იყო ციხეში ბოლო თვის განმავლობაში. ამ წუთში მარტო დიმა (დიმიტრი ბიძინაშვილი). ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა”, – განაცხადა სამშაბათს გვარამიამ ამ თემაზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ კვირას „ბთილისი მოლთან” კიდევ ერთი პოლიტიკოსი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც დააკავეს და ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ახლა მას, სხვა დაკავებულების მსგავსად, 4-წლამედ პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მანდატების შეჩერებაზე ოპოზიციის განცხადებების განხილვის დაწყება იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას” ამ მანდატების გაუქმება უკვე გადაწყვეტილი აქვს. რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის”, ძაბირაძის აზრით, მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ექსპრემიერი ბოიკოტის გადაწყვეტილებას შეცვლის და საბოლოოდ პარლამენტში შევა.

„რადგან მსჯელობას აპირებენ, როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტაზე. სხვა შემთხვევაში ისინი გააგრძელდებდნენ იმ პოლიტიკას, რაც აქამდე ჰქონდათ.

„მათ იმედი აქვთ, რომ თუ ამ სამ პოლიტიკურ ძალას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, გახარია გადაიფიქრებს და პარლამენტში შევა. თუ გახარია ასე მოიქცევა, პარლამენტს გარკვეული ლეგიტიმაცია ექნება იმის გამო, რომ ოპოზიციის ერთი ჯგუფი მაინც შევიდა პარლამენტში. რამდენად წაადგება ეს თავად გახარიას და პროცესს – ეს სხვა თემაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის იმედი აქვთ. ასე რომ, მე ვფიქრობ ამ გადაწყვეტილებას „ოცნება” მიიღებს”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით კი, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში ნებისმიერ შემთხვევაში შევა.

„მე არ ვფიქრობ, რომ მანდატებს გაუუქმებენ. ჩვენ გვახსოვს 4 წლის წინანდელი ამბები, როცა შევიდნენ პარლამენტში ეს დეპუტატები. ახლაც მგონია, რომ საბოლოოდ მაინც შევლენ. თუმცა ვინც აიღო ის თანხები, რომლებიც მათთვის არის განკუთვნილი, მათ პარლმენტარობაზე უარი არ უთქვამთ. ამიტომ, ვფიქრობ, მათი უფლებამოსილების გაუქმება არ მოხდება”, – განაცხადა ედიშერ გვენატაძემ „რეზონანსთან”.