„ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის, მაგრამ რუსეთი მასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის“- პესკოვი

„ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის, მაგრამ რუსეთი მასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას news.ru ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ პუტინი მისი მტერია, ხოლო მასაც პუტინი საკუთარ მტრად მიიჩნევს, პესკოვმა განაცხადა, რომ „ამ საკითხში ემოციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზად არის, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დინამიკა აჩვენებს, რომ მოლაპარაკებაში, პირველ რიგში, კიევი უნდა იყოს დაინტერესებული“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა უწყების ხაზით კონტაქტები შენარჩუნებულია. პესკოვის ინფორმაციით, ბოლო დროს ეს კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს სამშვიდობო სამიტის ფარგლებში.

ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ იგრძნობდა თავს პუტინის პირისპირ ჯდომისას სავარაუდო სამშვიდობო სამიტზე? მან უპასუხა: „თუ ეს ერთადერთი გზა იქნება, რომლითაც შეგვიძლია, უკრაინელებს მშვიდობა მოვუტანოთ და ადამიანები არ დავკარგოთ, რა თქმა უნდა, ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მე არ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ. მას მტრად მივიჩნევ და ვფიქრობ, რომ ისიც მტრად მიმიჩნევს“.