პენტაგონი სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ გეგმებს ავითარებს – NBC News

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ გეგმებს ავითარებს. ამის შესახებ  NBC News-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მასთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა ახლახან გამოხატეს ინტერესი სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ“, – აცხადებენ ოფიციალური პირები. მათივე თქმით, პენტაგონმა დაიწყო 30, 60 ან 90 დღეში სრული გაყვანის შესახებ გეგმების შემუშავება.

ტრამპის ახალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აშშ-ის უმაღლეს სამხედრო ლიდერებს შეხვდა და ჩაატარა ბრიფინგი ახლო აღმოსავლეთის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში.

ოვალურ კაბინეტში გამართულ მედია ღონისძიებაზე, რეპორტიორმა ჰკითხა ტრამპს ცნობების შესახებ, რომელიც სირიიდან ამერიკული არმიის გაყვანას ეხებოდა.

„არ ვიცი ეს ვინ თქვა, მაგრამ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ სირიასთან ჩართული არ ვართ. ეს მათი მოსაგვარებელია. მათ იქ საკმარისი პრობლემები აქვთ. მათ არ სჭირდებათ, რომ ჩვენ ჩავერიოთ“, – აცხადებს ტრამპი.

ინფორმაციისთვის, 2019 წლის ბოლოს ტრამპმა თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა უბრძანა. მატისი ეწინააღმდეგებოდა გეგმას და საბოლოოდ პროტესტის ნიშნად გადადგა.

ტრამპმა ამერიკელი ჯარების უმეტესი ნაწილი გაიყვანა, მაგრამ მოგვიანებით დააბრუნა. მას შემდეგ სირიაში ამერიკელების ყოფნა გრძელდება.

დეკემბერში პენტაგონში განაცხადეს, რომ სირიაში 2000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

პენტაგონი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო მისია მიზნად ისახავს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ დასუსტებას და იქ მოქმედი ადგილობრივი პარტნიორების გაძლიერებას.

დონალდ  ტრამპმა მეორე ვადით გაპრეზიდენტებამდე თქვა, რომ „სირია ქაოსია, აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო, ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ნუ ჩაერევით.“