აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ და ისრაელი ირანზე სამხედრო იერიშის მიტანას აპირებენ და აცხადებს, რომ მას თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„მინდა, რომ ირანი დიდი და წარმატებული ქვეყანა იყოს, მაგრამ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ისრაელთან ერთად აპირებს ირანის აფეთქებას და მის ნანგრევებად ქცევას, ძალიან გაზვიადებულია“, – წერს ტრამპი, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ცნობებს გულისხმობს.
აშშ-ის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას ირანთან შეთანხმების მიღწევა სურს.
„მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მშვიდობიანი ზრდისა და აყვავების საშუალებას მისცემს. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მოვაწყოთ ახლო აღმოსავლეთის დიდი ზეიმი, როდესაც ის ხელმოწერილი და დასრულებული იქნება. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!”, – წერს ტრამპი.