გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა და მას ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდის ჩატარების დაუშვებლობაზე მიუთითა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
გუტერეშის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა წინა დღეს ღაზას სექტორთან დაკავშირებით განაცხადა. ტრამპმა მოუწოდა პალესტინელებს, რომ ისინი ღაზადან სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ, რათა აშშ-მა ღაზას სექტორზე კონტროლი დაამყაროს და მისი აღდგენა და გადაწყობა დაიწყოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, თუ ვის შეიძლება უნდოდეს ღაზას სექტორში ცხოვრება, სადაც ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული.
„გადაწყვეტილების მიღებისას პრობლემა არ უნდა გავამწვავოთ. ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მოქმედება. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ეთნიკური წმენდის ჩატარება“, – განაცხადა გუტერეშმა გაეროს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე.
გუტერეშს ტრამპის გეგმა არ უხსენებია. როგორც გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, გუტერეშის ეს მოსაზრება შეიძლება განხილული იყოს, როგორ დონალდ ტრამპისთვის გაცემული პასუხი.
მანამდე გუტერეში იორდანიის მეფეს, აბდალას ესაუბრა რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც იგეგმება, იორდანიის მეფე დონალდ ტრამპს არაბეთის ქვეყნების ერთობლივ პასუხს მიაწვდის.