პოლონეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის საქმე აღიძრა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას wyborcza.pl ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა.

სასამართლოს თავმჯდომარემ იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა, სადაც, დონალდ ტუსკის გარდა, დანაშაულში ეჭვმიტანილი რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი ფიგურირებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში მოქმედებდნენ. მისი მიზანი პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის შეცვლა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება იყო. ამისთვის ძალისმიერი და მართლსაწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებაც განიხილებოდა.

როგორც ბოგდან სვენჩკოვსკი აცხადებს, მისი შეტყობინების საფუძველზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიება დაიწყო.

ამ ინფორმაციის კომენტირებისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში ტუსკს ატყობინებენ, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებაშია ეჭვმიტანილი, რაზეც პოლონეთის პრემიერი პასუხობს: „კაი ერთი, ჩვენ აქ უფრო სერიოზული საქმე  გვაქვს“.

2023 წლის დეკემბრიდან პოლონეთს კოალიციური მთავრობა მართავს, რომელსაც დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი კი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელი ანჯეი დუდაა.

2025 წლის მაისში პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც ანჯეი დუდა მონაწილეობას ვერ მიიღებს. სოციოლოგიური კვლევებით, ამჟამად დონალდ ტუსკის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლიდერობს.