კრემლი: პუტინმა აფხაზეთთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება პირად ამოცანად დაისახა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს განცხადებით, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა პირად ამოცანად დაისახა არა მხოლოდ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ მათი ეფექტური განვითარება.

ვლადიმერ პუტინი

როგორც რუსული მედია წერს, კირიენკო მოსკოვში ვიზიტით მყოფ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ, ბადრა გუნბას შეხვდა.

„მხარეებმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის ერთობლივი პროექტების განხორციელება, აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა, ჯანდაცვის განვითარება და სხვა საკითხები განიხილეს. ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა. ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებს გავუმკლავდებით“, – აცხადებს კირიენკო.

თავის მხრივ, გუნბამ მადლობა გადაუხადა რუსეთს აფხაზეთის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით ისტორიულად, სულიერად, კულტურულად რუსეთთან დაკავშირებული და ახლა მთავარია კარგი საქმეებით ეს კავშირი შევინარჩუნოთ“, – აცხადებს გუნბა.