„უკრაინა ჩვენი დახმარების სანაცვლოდ 500 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სასარგებლო წიაღისეულის გადმოცემას ფაქტობრივად დათანხმდა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას The New York Post ავრცელებს.
„მათ აქვთ ძვირფასი მიწა, სადაც არის სასარგებლო წიაღისეული, ნავთობი გაზი და სხვა ძვირფასი რამ. მე მსურს, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, ჩვენ ხომ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-მა უკრაინას 300 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება აღმოუჩინა და ეს სხვა ქვეყნების დახმარებას ბევრად აღემატება. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა სანაცვლოდ რამე უნდა მიიღოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან რესურსების ერთობლივ მოპოვებას დათანხმდა „უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ“, რაც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა გახდეს.