“მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. მე დავუჯერე მას, როცა ვესაუბრე… ვისურვებდი რუსეთის “დიდ შვიდეულში” დაბრუნებას” – უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები იწყება

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები იწყება. დღეს, მიუნხენში ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდებიან. მიწვეულია უკრაინაც თუმცა, სავარაუდოდ, კიევი შეთავაზებას არ მიიღებს. უკრაინა უკმაყოფილოა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები არ ისხდებიან. მას შემდეგ, რაც კიევმა და ევროპელმა მოკავშირეებმა ამის გამო შეშფოთება ღიად გამოთქვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინაც ჩაერთვება. მისივე თქმით, სისულელე იყო ბაიდენის განცხადებები, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანება შეეძლო. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე დააფიქსირა, რომ რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება სურს.

“რა თქმა უნდა, უკრაინას მაგიდასთან მოლაპარაკებებისთვის ადგილი ექნება, ვგულისხმობ იმ ნაწილს, სადაც გვეყოლება უკრაინა, გვეყოლება რუსეთი და ჩართული იქნება სხვა ხალხიც. ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. ახალგაზრდები იხოცებიან ისეთ დონეზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს. მე მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. მე დავუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას ვესაუბრე – მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. დიახ, ვფიქრობ, რომ მას მშვიდობა სურს, ვფიქრობ, მეტყოდა, რომ არ უნდოდეს. მჯერა, რომ მას სურს, რაღაც მოხდეს, მე მას ვენდობი ამ საკითხში. ვისურვებდი რუსეთის “დიდ შვიდეულში” დაბრუნებას – ვფიქრობ, მათი გარიცხვა შეცდომა იყო. საქმე არ ეხება რუსეთის მოწონებას ან არ მოწონებას – ეს იყო G 8 და იცით, მე მათ ვუთხარი: რას აკეთებთ, თქვენ მხოლოდ რუსეთზე ლაპარაკობთ და რატომ არ უნდა ისხდნენ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან? ვფიქრობ, პუტინსაც სურს დაბრუნება,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.