კონგრესმენი ბრაიან მასტი USAID-ზე: ეს სააგენტო ძარცვავდა ხალხს თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით

ეს სააგენტო ძარცვავდა ხალხს თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრაიან მასტმა USAID-ის საქმიანობის შესახებ გამართულ დებატებზე.

ბრაიან მასტი

„ჩემი მემარცხენე კოლეგები ითხოვენ, რომ ეს პროგრამები გაგრძელდეს, გაგრძელდეს ამერიკელი ხალხის კუთვნილი მილიონების ფლანგვა. აქ მხოლოდ USAID-ის პროგრამების შინაარსი არაა პრობლემური, არამედ ეს სააგენტო ძარცვავდა ხალხს თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით. USAID-მა უღალატა ხალხს და მემარცხენეების მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამ ღალატზე თვალი დახუჭონ“, – განაცხადა მასტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

სააგენტომ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ USAID-ის ყველა მისიამ დახურვის ბრძანება მიიღო, ხოლო პერსონალს აშშ-ში დააბრუნებენ. ვაშინგტონში, სააგენტოს შენობიდან აბრაც ჩამოხსნეს.