უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს საერთაშორისო ქსელი, პროპაგანდას ავრცელებს და, არსებითად, უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისივე თქმით, ათობით ქართული მედია აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ.
“გავიგეთ, რომ ასობით მედიაკომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად.
ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედიაკომპანიები აძლიერებენ უცხოური პროპაგანდისტული ქსელის ნარატივს. ისინი იქმნება და ფინანსდება მხოლოდ ამ მიზნით, თუმცა, შენიღბულები არიან, როგორც “დამოუკიდებელი” და “კერძო” მედია. აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და მის მიერ პროპაგანდის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბოლო დღეების სკანდალი დონორების მიერ მართულ მედიაში მინიმალურად ან საერთოდ არ გაშუქებულა.
აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში, რომელიც აშუქებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შიგნითაც.
ამ მავნე მედია პრაქტიკამ უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა, ამავდროულად, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს (მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო), ამავე დროს, ევროპის დემოკრატიული ფონდის (EED) მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედიაკომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო, ამავე დროს, EED-ის მეშვეობით, (რომელსაც NED-ის ევროპულ ფილიალსაც უწოდებენ ხოლმე), საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ, ზუსტად ემთხვევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა, ევროპარლამენტისა და EED-ის მეშვეობით, აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც.
საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა “X”-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს “ამზადებს”, რითაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმა რჩება. უცხოური მთავრობის (ე.ი. EED) მიერ დაფინანსებულმა მედიამ, “დეტალების” გადამოწმების გარეშე, ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი “დეტალის” მიხედვით, “მომზადებული” 1,8 მილიარდი ევროდან, დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო არც თუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ, აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ, თითქოს, ევროკავშირის ნაჩუქარი ფული “დაკარგა”.
დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა.
პროპაგანდა, თუნდაც ის, რომელიც სხვადასხვა არხითაა წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას. გასაოცარია იმის დანახვა, თუ რად იქცა ჟურნალისტიკა ამ ბოლო პერიოდში. უცხოური დაფინანსების მქონე მედიის აქტივისტები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მოითხოვენ მთავრობის გადაყენებას ან შეცვლას, ან, სულაც, მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას. ამავდროულად, პროტესტის დროს, ისინი აგრძელებენ გაშუქებას.
აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით, საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება და, სანაცვლოდ, დივერსიფიცირებულ პროპაგანდას ისმენს. საბოლოო ჯამში, ეს ძირს უთხრის დემოკრატიულ პლურალიზმს და იქცევა სენად, რომელიც უკვე იგრძნობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,” – წერს პაპუაშვილი X-ზე.