აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფას აღარ აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა. ის ამბობს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მიმართ ინტერესს ვერ ხედავს და რომ კიევისთვის თანხების გამოყოფა უნდა შეწყდეს, რადგანაც „ყველაფერი ძალზე დიდხანს გრძელდება“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ჯონსონის განცხადებით, პირველ ეტაპზე უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს.
„უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ამის აუცილებლობას ხედავენ“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
იმავე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, რადგანაც რუსეთის ფედერაციას რიცხობრივი უპირატესობა აქვს, ხოლო ევროპაში იარაღის მარაგები ამოწურულია. „არც უკრაინელებს, არც ევროპას, არც აშშ-ის წინა პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გამარჯვებისკენ რაიმე მკაფიო გზა არ ჰქონდათ. ეს იყო გასაგები სამი წლის წინ, ორი წლის წინ და ეს გასაგებია ახლაც“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დაუჭირა მხარი.