სახალხო დამცველს ვირჩევდით, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მითხრა, ხომ არის სამი კანდიდატი, რომლიდანაც შეგიძლიათ, აირჩიოთო, ვუთხარი, სამს რატომ ამბობთ, ხომ შვიდია, მისთვის არსებობდა მხოლოდ ის სამი, რომლებიც „ენჯეოებმა“ დაასახელეს – შალვა პაპუაშვილი

სახალხო დამცველს ვირჩევდით, შვიდი ადამიანი გვყავს, ვინც მეორე ტურშია გასული და ამასობაში, შეხვედრა მაქვს აშშ-ის ყოფილ ელჩთან, მოიკითხა, რა ხდება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ვუთხარი, რომ მეორე ტურია, მოკლე სიაა და ვნახოთ, როგორ იქნება-მეთქი, მითხრა, კი მაგრამ, ხომ არის სამი კანდიდატი, რომლიდანაც შეგიძლიათ, აირჩიოთ და მოწონებულიაო, გამიკვირდა, ვუთხარი, სამს რატომ ამბობთ, შვიდი ხომ არის სინამდვილეში-თქო, მისთვის არსებობდა მხოლოდ ის სამი, რომლებიც “ენჯეოებმა” დაასახელეს და სხვა არაფერი არ განიხილებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს იყო ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი დიფ სთეითად მოიხსენიებს, ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის არევაში, რომ მისთვის სასურველი ჯგუფები მოეყვანა ხელისუფლებაში, მისთვის სასურველი ხალხი დაენიშნა ამა თუ იმ პოზიციაზე და ყველა ეს საცეცი აქ მოქმედებდა.

“ამ საცეცებს ჩვენ ყოველდღე ვხედავდით, მათ შორის პარლამენტში. ატალახებული იყო სხვადასხვა კარები სხვადასხვა კომიტეტში, ხან რომელი საელჩო მოდიოდა ჩვენთან და ხან რომელი პროექტის წარმომადგენელი, ამ კანონს ასე როგორ იღებთ და იმ კანონს ისე როგორ იღებთო. რახან ამაზეა საუბარი და მათ შორის, გავლენებზე, ერთ მაგალითს მოგიყვანთ აშშ-ის ყოფილ ელჩთან ჩემ ერთ-ერთ შეხვედრაზე. მაშინ სახალხო დამცველს ვირჩევდით, თუ არ ვცდები, დიდი რაოდენობით განაცხადი იყო შემოსული და საკონკურსო კომისია იყო შექმნილი, რომელმაც თუ არ ვცდები, შვიდკაციანი მოკლე სია შეადგინა ამ განაცხადებიდან. ამ შვიდ ადამიანში იყო სამი ადამიანი, რომლებიც წარმოდგენილი იყო “ენჯეოების” მხრიდან, შვიდი გვყავს, ვინც მეორე ტურშია გასული და ამასობაში, შეხვედრა მაქვს აშშ-ის ყოფილ ელჩთან. ნუ, მოიკითხა, რა ხდება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით და ა.შ. ვუთხარი, რომ კომიტეტში გასაუბრებები იქნება, მეორე ტურია, მოკლე სია არის და ვნახოთ, როგორ იქნება ეს მეთქი. მითხრა, კი მაგრამ, ხომ არის სამი კანდიდატი, რომლიდანაც შეგიძლიათ, აირჩიოთ და მოწონებულიაო. გამიკვირდა და ვუთხარი, სამს რატომ ამბობთ, შვიდი ხომ არის სინამდვილეში-თქო. იმიტომ, რომ მისთვის არსებობდა მხოლოდ ის სამი, რომლებიც “ენჯეოებმა” დაასახელეს და სხვა არაფერი არ განიხილებოდა. სხვა, საზოგადოება, პარლამენტი და ხალხი, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, გაზავებული იყო მისთვის, როგორც ჩანდა და ერთადერთი ლეგიტიმური დასახელებული კანდიდატი ეს იყო “ენჯეოების” მიერ დასახელებული, რომელსაც ის თავად აფინანსებდა. ზუსტად ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ასეთი შეკრული წრე იყო შექმნილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.