გაერომ უკრაინაში ომის შესახებ აშშ-ის ნეიტრალური რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის ნეიტრალური რეზოლუცია მიიღო.

ტრამპი გაერო

Reuters-ის ცნობით, რეზოლუცია ასახავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის ცვლილებას უკრაინის მიმართ და მის უფრო შემრიგებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ აღიარა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციაში „კონსტრუქციული ცვლილებებია“. მისი თქმით, რეზოლუცია „არ არის იდეალური“, მაგრამ „საწყისი წერტილია სამომავლო სამშვიდობო ძალისხმევისთვის“.

რეზოლუცია „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაეროს მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, მოუწოდებს კონფლიქტის სწრაფად დასრულებას და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სავალდებულოდ მიიჩნევა, ხოლო გენერალური ასამბლეის რეზოლუციები – არა. თუმცა გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს აქვს პოლიტიკური წონა, ასახავს ომის გლობალურ ხედვას.

უშიშროების საბჭომ აშშ-ის რეზოლუცია 10 ხმით მიიღო, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს. რუსეთმა მას მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც ცვლილებების შეტანა ვერ შეძლო და ვეტო დაადო ევროპულ წინადადებებს უკრაინის მხარდამჭერი ფორმულირების დასამატებლად.

„ეს რეზოლუცია მშვიდობის გზაზე დაგვაყენებს. ეს არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ მნიშვნელოვანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უკრაინის, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობიანი მომავლის ასაშენებლად“, – განუცხადა საბჭოს გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დოროთი შიმ.

მანამდე გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო: ერთი უკრაინისა და მისი ევროპელი პარტნიორების, მეორე კი შეერთებული შტატების მიერ მომზადებული, რომელიც ასამბლეამ შეცვალა, რათა უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი ძველი ფორმულირება შეეტანა.

შესწორებულმა რეზოლუციამ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, ასამბლეაში 93 ხმა მიიღო, 73-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა, რვა კი წინააღმდეგი იყო. რუსეთმა ვერ შეცვალა აშშ-ის ტექსტი, რათა კონფლიქტის „ძირეული მიზეზები“ მიეთითებინა.

უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ მომზადებულმა რეზოლუციამ 93 ხმა მიიღო, 65-მა თავი შეიკავა და 18 წინააღმდეგი იყო. შეერთებულ შტატებთან ერთად, წინააღმდეგ ქვეყნებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ისრაელი вა სხვა ქვეყნები.