ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

აჭარის მუნიციპალიტეტებში კვლავ ძლიერი თოვაა. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 1,50 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 60-70 სმ-ია.

დეპარტამენტის ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდას.

მძღოლებს მოვუწოდებთ, საჭიროების შემთხვევაში გამართული მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმოძრაონ”, – აცხადებენ უწყებაში.