რუბიოს განცხადებით, აშშ-მა გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან ის „ანტაგონისტური“ იყო და ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ეწინააღმდეგებოდა

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მომავალი მოლაპარაკებების თემა უნდა იყოს კითხვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მოსკოვს უკრაინაში ომის დასასრულებლად. თავის მხრივ, ეს კითხვა უკრაინის ხელისუფლებასაც უნდა დავუსვათ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიო

მან გაიხსენა, რომ გენერალური ასამბლეის სესიაზე შეერთებულმა შტატებმა ხმა გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთს გმობდა. რუბიოს თქმით, რეზოლუცია „ანტაგონისტური“ იყო და ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ეწინააღმდეგებოდა.

„რაც შეეხება უფრო ფართო რეზოლუციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაერო უნდა დაბრუნდეს. თუ მას სურს, იყოს სასარგებლო 21-ე საუკუნეში, გაერო უნდა დაუბრუნდეს თავის წესდებას, რომელიც ომებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებასა და დასრულებას გულისხმობს“, – განმარტა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ნათლად განაცხადა, რომ ომის დასრულება სურს“, რადგან ფიქრობს, რომ „ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა“.

„ჩვენ არ ვგრძნობდით, რომ ხელსაყრელი იყო, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაეროში ყოფილიყო რაღაც ისეთი, რაც რომელიმე მხარისთვის ანტაგონისტური იქნებოდა. ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს ბიჭები მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. სამწუხაროდ, უკრაინა არ დათანხმდა და მათ სურდათ თავიანთი პოზიციის შენარჩუნება. შემდეგ ჩვენ მივმართეთ უშიშროების საბჭოს ჩვენი კომპრომისით, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი ფორმულირებაა და ძირითადად ამბობს, რომ „ომი საშინელებაა“. ვფიქრობ, კარგია, რომ ჩვენ ეს შევძელით უშიშროების საბჭოში და რუსებმა მას ვეტო არ დაადეს“, – აღნიშნა რუბიომ.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტრამპს „მშვიდობის პრეზიდენტი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, „რამდენიმე კვირაში“ დასრულდეს.

რუბიოს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ორივე მხარე უნდა მიიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, „რუსებით დაწყებული“. მან დასძინა, რომ ამერიკული დელეგაცია გასულ კვირას შეხვდა რუსულ მხარეს, სადაც შეხვედრის მთავარი კითხვა იყო: „დაინტერესებული ხართ ამ კონფლიქტის დასრულებით, თუ არა?

„ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი. ზოგიერთ ევროპელს თუ დაელაპარაკებით, გეტყვიან, რომ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის. მათ თქვეს, რომ დაინტერესდებიან, მაგრამ გარკვეული პირობებით. ჩვენ არ განგვიხილავს, რას გულისხმობს ეს პირობები. ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი არის მათთან ხელახლა შეხვედრა საჭირო დროს, ადამიანთა სწორ ჯგუფთან და დაიწყოს იმის გარკვევა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთმა ომი შეაჩეროს. ცხადია, იგივე კითხვა უნდა დავუსვათ უკრაინას, რადგან ომს ვერ შეაჩერებ, სანამ ორივე მხარე არ დათანხმდება“, – დასძინა პოლიტიკოსმა.