ქართული კომპანიების მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ფასი არ გაექცეთ, არც შესასყიდი, არც – სარეალზიაციო. გაუგებრობაა იმის გამოც, რომ ვაჭრობა უცხოურ ვალუტაში მიმდინარეობს, ხოლო ჩვენ საკუთარი ვალუტა გვაქვს, რომლის კურსიც იცვლება. დამოკიდებული ვართ მწარმოებელ ქვეყნებზე, ვისგანაც ვიძენთ საწვავს.
ზოგადად ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ იმპორტზე დამოკიდებულება საკუთარი წარმოების ხარჯზე შევამციროთ. თუნდაც მცირე პროცენტული მაჩვენებლით გვეწარმოებინა საწვავის ის რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ბაზრის სტაბილურობას და ფასების მეტ-ნაკლებად შენარჩუნების საშუალებას მოგვცემდა.
რუსეთის მთავრობამ, არამწარმოებელი კომპანიებისთვის 1-ლი მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შემოღებას მხარი დაუჭირა. ამ შეზღუდვის მიზანია მაღალი მოთხოვნის პერიოდში ბაზრის დაბალანსება. ნავთობგადამმუშავებელი საწარმოებისა და მათი მფლობელი ნავთობკომპანიებისთვის ნავთობის ექსპორტი დაშვებული იქნება. ემბარგო ნარჩუნდებოდა არამწარმოებლებისთვის – ტრეიდერებისთვის, ნავთობის ბაზებისთვის და კომპანიებისთვის, რომელთა წარმადობა წელიწადში 1 მილიონ ტონაზე ნაკლები არაა.
პროდუქტს რა ფასში მოგვცემს, რუსეთის მთავრობა წყვეტს. უბრალოდ, შერჩევითი მიდგომაა და ეს არის ცუდი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე აზიურ რესპუბლიკებში ექსპორტი არ შეუზღუდავს. მიუხედავად ამისა, ჩვენზე შეზღუდვა რაიმე გავლენას არ იქონიებს, საწვავს ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ვიღებთ. არც რაოდენობრივად დაგვაკლდება და მით უმეტეს, არც დეფიციტი შეიქმნება. ჩვენ გვყავს სანავთობო ქვეყნები ირგვლივ და გვაქვს საშუალება საკმარისი მარაგი გაგვაჩნდეს. უბრალოდ, ვისურვებდი უფრო სტაბილურ პარტნიორებს ამ ბაზარზე, ვიდრე რუსეთია.
ალტერნატიული მომწოდებლები არიან ევროპული ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბელარუსიც კი, რაც აკმაყოფილებს მოთხოვნას. მთავარია, რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, რაზეც კომპანიების საფასო პოლიტიკაც დიდწილად არის დამოკიდებული“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა
ვახტანგ იობაშვილმა.
P. S.
ცნობისთვის, 2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი – 16.7% და რუმინეთი – 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.