ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, თოვლის უხვი ნალექის შედეგად იტალიურ ტიპის საცხოვრებელ სახლის ნაწილი, ხოლო სახურავი მთლიანად დაინგრა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც დახმარება სჭირდება.
„საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, სახურავი მთლიანად ჩამოიშალა, აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ახლა მოვიდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ბინებში გადაყვანას გვთავაზობენ, ალბათ, მანამდე აქ სიტუაციას შეისწავლიან. დაინგრა საერთო საცხოვრებლის სახურავი და შენობის ნაწილი”,- ამბობს მოქალაქე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში ორი მოქალაქე იყო მოყოლილი, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
უწყების ცნობით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.
მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია განცხადებაში.