აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა შეთანხმდეს სამშვიდობო მისიის ისეთ ფორმატზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპმა ადრე თქვა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების წინააღმდეგი არ არის.
თუმცა, ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ კრემლის განცხადებით, მისიის ფორმატი, რომელიც მოიცავს სამხედრო პერსონალს ევროპის ქვეყნებიდან, მისთვის მიუღებელია.
„ეს არ არის ის, რაც მე მითხრეს“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის მხარდაჭერის „რაღაც ფორმა“ იქნება საჭირო.
„რაღაც გაკეთდება, რაც ყველას დააკმაყოფილებს. ეს არის ის, რაც მე განვიხილე. მშვიდობის მხარდაჭერის ფორმა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. საბოლოოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება.