რუმინეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
კალინ ჯორჯესკუ აპირებდა კანდიდატურის წარდგენას საპრეზიდენტო არჩევნებში. დაახლოებით 30 წუთის წინ, ის ავტომობილით მოძრაობისას გააჩერეს და დაკითხვაზე გენერალური პროკურატურის ოფისში წაიყვანეს. სად არის დემოკრატია, სად არიან პარტნიორები, რომლებმაც დემოკრატია უნდა დაიცვან“, – ნათქვამია ჯორჯესკუს სოციალურ ქსელში.
რუმინული ტელეარხის, Digi24-ის ინფორმაციით, პროკურორებმა მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცეს და დაიწყეს მისი ახლო თანამშრომლების საკუთრებაში მქონე ობიექტების ჩხრეკა, მათ შორის, ჯორჯესკუს პირადი მცველის.
რუმინული ტელეარხის, Antena 3 CNN-ის ცნობით, ჯორჯესკუს დაკითხვა შეეხება გასულ წელს, მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, პროკურორები ეჭვობენ, რომ 27 ადამიანი მოქმედებდა რუმინეთის კონსტიტუციის წინააღმდეგ, საჯარო წაქეზებით, ფაშისტური ორგანიზაციის შექმნითა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროების შესახებ ყალბი განცხადებებით. თუმცა პროკურორებს განცხადებაში ჯორჯესკუ ან მისი თანაშემწეები არ დაუსახელებიათ.
რეიდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე დროში ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ ჩხრეკები მიზნად ისახავდა მისი პრეზიდენტობის კანდიდატურის დაბლოკვას.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო გავლენის შიშის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.
ამასთან, რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისსაა დაგეგმილი.