ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მომავალ თანამშრომლობას განიხილავენ. ამის შესახებ Bloomberg წერს და აღნიშნავს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა და მოსკოვმა ეკონომიკური თანამშრომლობი სფეროდ არქტიკა განსაზღვრეს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მიდგომა, უფრო ფართო „გადატვირთვის პოლიტიკის“ ნაწილია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვთან მიმართებით აწარმოებს. კერძოდ, განიხილება ბუნებრივი რესურსების და სავაჭრო გზების შესწავლის საკითხები. ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაც.
„არქტიკამ, რომელიც გარშემორტყმულია რუსეთით და NATO-ს შვიდი წევრი სახელმწიფოთი – შეერთებული შტატებით, კანადით, დანიით, ფინეთით, ისლანდიით, ნორვეგიითა და შვედეთით, ბოლო წლებში მზარდი ყურადღება მიიპყრო, რადგან კლიმატის ცვლილების გამო ყინულის დნობა ხსნის გემების მარშრუტებს და პოტენციური ენერგიისა და მინერალური რესურსების შესწავლის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია სტატიაში.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამერიკელი თანამდებობის პირები არქტიკაში თანამშრომლობას ასევე განიხილავენ, როგორც მოსკოვისა და პეკინის დაშორების შორის გზას. ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რუსეთისა და ჩინეთის დაახლოების ფონზე, ამ მიზნის მიღწევა ნაკლებსავარაუდოა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის და აშშ-ის მინიშნებები იმის თაობაზე, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, შეშფოთებას იწვევს ევროპელ მოკავშირეებსა და NATO-ს პარტნიორებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისი იზოლაციისკენ მიისწრაფვიან.