კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ აშშ-ის მხარდაჭერას შეუძლია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მხოლოდ შეერთებული შტატების მხარდაჭერას შეუძლია, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მასთან ერთად გაემგზავრნენ ვაშინგტონში, სადაც დაგეგმილია სტარმერის შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

კირ სტარმერი

სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ სამშვიდობო მისიაში, მაგრამ საჭიროა აშშ-ის მხარდაჭერა.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და არა ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

სტარმერის თქმით, მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ კრემლის ლიდერი კვლავ არ დაესხას თავს უკრაინას.

„თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მხარდაჭერის გარეშე, ეს უბრალოდ მისცემს პუტინს შესაძლებლობას, კვლავ დაესხას თავს კიევს“, – აცხადებს სტარმერი.