BBC-ის ინფორმაციით, ძმებმა, ენდრიუ და ტრისტან ტეიტმა რუმინეთი დატოვეს ადგილობრივი დროით 05:00 საათზე.ამის შესახებ BBC-ს წყაროებმა ბუქარესტიდან აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, მათ ქვეყანა კერძო თვითმფრინავით დატოვეს და აშშ-ში გაემგზავრნენ. როგორც რუმინული წყაროები წერენ, ძმები ფლორიდაში იცხოვრებენ.
- ცნობისთვის უკვე ორ წელზე მეტია, რაც ენდრიუ და ტრისტან ტეიტების წინააღმდეგ რუმინეთში გამოძიება მიმდინარეობს და ის ამ დრომდე არ არის დასრულებული. ბრალდებები 2012-2015 წლამდე პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს ეხება. იძიებენ სავარაუდო გაუპატიურების, ადამიანებით ვაჭრობისა და კრიმინალური დაჯგუფების შექმნის საქმეებს. ტეიტებს რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ.
მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაპატიმრობაც ჰქონდათ მისჯილი.
მიმდინარე თვის დასაწყისში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის წარმომადგენელთან, რიჩარდ გრენელთან მან ენდრიუ და ტრისტან ტეიტების საკითხი განიხილა. მინისტრის თქმით, “საუბრისას აშკარა იყო გრენელის მხარდაჭერა ძმების მიმართ”. ამ განცხადებიდან მალევე კი ძმებმა, რომელბსაც რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ, ქვეყანა დატოვეს.