ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი გარდაიცვალა

მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

მოჭადრაკე ბორის სპასკი

ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის 1950-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ხდება. 18 წლის ასაკში ბორის სპასკი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერი გახდა.

1969 წელს ბორის სპასკიმ მსოფლიო პირველობისთვის ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი გახდა. 1972 წელს სპასკი რეიკიავიკში ამერიკელ გროსმაისტერს რობერტ ფიშერს ფინალში შეხვდა და დამარცხდა.

1976 წელს ბორის სპასკი საცხოვრებლად საფრანგეთში წავიდა. მოგვიანებით ის საფრანგეთის ნაკრების სახელით ასპარეზობდა. 2000 წელს ბორის სპასკიმ აქტიური საჭადრაკო კარიერა დაასრულა, ხოლო 2012 წელს საცხოვრებლად რუსეთში დაბრუნდა.