USAID-ის თანამშრომლებმა ვაშინგტონში შტაბ-ბინა დაცალეს, მათ პირადი ნივთების შესაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი მისცეს – Reuters

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინაში მივიდნენ, რათა პირადი ნივთები მოეგროვებინათ და სამუშაო მაგიდა გაესუფთავებინათ, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება და დასძენს, რომ USAID-ის თანამშრომლებს მხოლოდ 15 წუთი მისცეს იმისთვის, რომ პირადი ნივთები მოეგროვებინათ.

USAID-ის თანამშრომლები

„სამუშაოს შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებამ USAID-ის არეულობა გამოიწვია, შეჩერდა სააგენტოს ოპერაციები მთელ მსოფლიოში და ქაოსური ვითარება შექმნა გლობალური ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ათასობით თანამშრომელი გაუშვეს შვებულებაში“, – წერს მედიასაშუალება.

7 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „გაურკვეველი დონის კორუფცია აქვს“ და ის უნდა აღმოიფხვრას.

ამასთან, ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი, პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების შესახებ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.

„USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია, იგი არაკომპეტენტურია და კორუმპირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.