აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის გათავისუფლებას არ გამორიცხავს.
Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის განცხადებით, მას არ მოეწონა, რომ წარმომადგენელთა პალატაში საკომიტეტო მოსმენის დროს კრისტოფერ რეიმ არჩევნებისთვის მთავარ საფრთხეებად რუსეთი და მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები დაასახელა და არაფერი თქვა ჩინეთსა და მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებებზე.
„ჩინეთი სიის სათავეში უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ FBI-ის დირექტორის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში დგას.
მანამდე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ რუსეთი სოცქსელებისა და სამთავრობო მედიასაშუალებების მეშვეობით ამერიკულ არჩევნებში ჩარევას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით საუბარი არაა ისეთ შეტევებზე, როგორც ეს 2016 წელს იყო. მისივე თქმით, რუსეთი შუღლის გაღვივებასა და ჯო ბაიდენის იმიჯის შელახვას ცდილობს.
კრისტოფერ რეი FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა, მას შემდეგ რაც ტრამპმა მისი წინამორბედი, ჯეიმს კომი „ცუდი მუშაობის გამო“ გაათავისუფლა.
“იმედი”