სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში მცხოვრებმა ქართველმა, მაია ბაჩანაშვილმა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. როგორც ქალი წერდა, კადრებზე აღბეჭდილია, რომ ადგილობრივი ქართული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პოსტის ავტორის ცნობით, მიშა ანდღულაძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები უწოდა, რამაც სავარაუდოდ, ადგილზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.
უცხოეთში მყოფმა იუმორისტმა ფიზიკური დაპირისპირება დაადასტურა.
“კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, (“ქართული ოცნების”) ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა.
ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი?! ჯოჯოხეთია სრული.
მანამდე, საქართველოში, პროკურატურაში მქონდა საქმე, “სთენდაფის” ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი.
ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო.
პოსტი რაც დადეს, თითქოს მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს.
კომენტარები რომ ვნახე, ვიღაცებს უხარიათ ადამიანების ცემა და მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ ადამიანებს. შეგვიძლია, რომ მარტივი კრიტიკის გამო ადამიანებს თავს დავესხათ, თან სად – ჰააგაში?! ვნახოთ, საქმე აღძრულია, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქცევებზე.
ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს.
დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ… დაველოდოთ გამოძიებას”, – განუცხადა მიშა ანდღულაძე “ამბებს”.
ambebi.ge