კანადიდან დაწყებული, პანამით გაგრძელებული და გრენლანდიით დასრულებული – შეერთებულ შტატებს დასავლეთ ნახევარსფეროში საკუთარი ტერიტორიების რადიკალური გაფართოება სურთ, ბუნებრივ რესურსებსა და სავაჭრო მარშრუტებზე კონტროლის დამყარების მიზნით.
“გრენლანდიის ხალხმა უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით მათ ჩვენს დიდ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ გრენლანდია და უზრუნველვჰყოთ მისთვის კეთილდღეობა!” – წერს სოციალურ ქსელში ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი.
როგორც ვხედავთ, ზეწოლა დანიასა და მის ავტონომიურ სამფლობელო გრენლანდიაზე, გრძელდება. ვაშინგტონი ცდილობს, გრენლანდიაში არსებული სეპარატისტული ტენდენციები გააძლიეროს და ეს სათავისოდ გამოიყენოს.
ორიოდე დღის წინ კი ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრ ტრიუდოს კვლავ შეუტია, მას “გუბერნატორი” უწოდა და მეზობელ სახელმწიფოს საბაჟო ტარიფების გაორმაგებით დაემუქრა. ტრამპის აზრით, კანადა აშშ-ს ნაწილი უნდა გახდეს, თუკი სავაჭრო-ეკონომიკურ წნეხში ყოფნა არ სურს.
პანამასა და მეზობელ მექსიკას აშშ ადმინისტრაცია პირადპირი სამხედრო ჩარევით ემუქრება. საბაბად მექსიკაში ნარკომოვაჭრეთა ბანდები მოჰყავს, პანამასთან მიმართებაში კი საუკუნის წინანდელი შეთანხმებების თავისებურ ინტერპრეტირებას ეწევა.
აშშ-ს ტერიტორიული პრეტენზიები დანარჩენ მსოფლიოში ჯერ-ჯერობით, აღარ აქვს. რუსეთმა თავისი სიჯიუტით და რუსული არმიის გმირობით, აიძულა აშშ, ხელი აეღო რუსეთის რესურსების ხელში ჩაგდების გეგმებზე; სანქციებმა ვერ იმუშავა, უკრაინის ფაშიზაციამ და მილიტარიზაციამ ასევე ვერ მოიტანა შედეგები. სანაცვლოდ, აშშ სუსტ წერტილებს ეძებს და ეს წერტილები უშუალო სამეზობლოში ეგულება. და, უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ.
თუმცა საქართველოსთვის სხვა შედეგები დგება. აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს. არანაირი “საზღვრების ურღვევობა” და “ტერიტორიული ერთანობა” დღის წესრიგში აღარ დგას. ძალაშია ძლიერის ნება. რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობა – მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ასეა.
ტრამპი დიდ დათმობებზე წავიდა რუსეთთან, მან აკრძალა ტერმინი “რუსული აგრესია”… ამის შესახებ ზელენკისაც უთხრეს, არ შეიძლება, ლანძღო პუტინი და ისე დაამყარო მშვიდობაო. ეს ნათქვამი, ქართველების მისამართითაც იყო, რადგან ჩვენც რუსეთის პრეზიდენტს “ოკუპანტს” ვუწოდებთ და თან გვინდა, რომ რუსეთი დათმობებზე წავიდეს. ასე რომ, ამერიკა ჩვენი მოკავშირე აღარ არის, შესაძლოა, ის ჩვენი მოწინააღმდეგეც გახდეს. ამერიკის ფორმალური მოკავშირეობა, დასრულდა.
გულბაათ რცხილაძე