WSJ ასახელებს პირობას, რომლის მიხედვითაც, ტრამპი მზადაა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლოს

შეერთებულ შტატებს არ განუახლებია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყოს და წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ამის შესახებ გამოცემები The Wall Street Journal და The New York Times წერენ.

დონალდ ტრამპი

WSJ აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გაურკვეველია, იქნება თუ არა ზელენსკის განცხადება საკმარისი იმისათვის, რომ დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რომელიც თეთრმა სახლმა ერთი დღის წინ შეაჩერა.

„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პაუზა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ტრამპი არ გადაწყვეტს, რომ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს უჭერს“, – წერს გამოცემა.

აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, „დაანახოს უკრაინის ლიდერს, რომ თეთრი სახლი მშვიდობის მიღწევის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ „ტრამპი დაარწმუნოს, განაახლოს დახმარება“.

გამოცემა The New York Times-ი ასევე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებას სამშვიდობო შეთანხმებასა და წიაღისეულის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ, „ამავდროულად, მან ძალაში დატოვა აკრძალვა უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებისა და ძირითადი დახმარების შესახებ“.