პრემიერი: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან

ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში.

ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან.

„ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს სერიოზული ახსნა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში, კონკრეტულ კადრებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან “, – განაცხადა პრემიერმა.