ქვეყნიდან გაქცეულ ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხოლო გირაოს სახით შეფარდებულ 2 500 000 ლარის ამოღება ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან მოხდება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა. შესაბამისად, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.