არ მგონია, რუსეთის ხელისუფლება თავის პოლიტიკას ჩვენს განცხადებებზე ამყარებდეს, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი ტერიტორია, რომელზეც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ძალისხმევის შედეგად, საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებულია, რომ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ანუ ოკუპაციას. ამ პროცესის დასრულება ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ორ მთავარ ეროვნულ მიზანს მოიცავს – საქართველოს გაერთიანებას და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, – ამის შესახებ საქაღთევლოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორი ამოცანის წინააღმდეგ იბრძოდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია, ბევრი უცხოელი.
„ამ დღეებში გავიხსენე 3 წლის წინანდელი მცდელობების მთელი კასკადი, რომ საქართველო ჩაეთრიათ რუსეთთან ღია დაპირისპირებაში, რომ საქართველო ყოფილიყო იარაღი რუსეთთან ღია დაპირისპირებისა. გუშინ მოუსმინეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, როდესაც პირველად, ოფიციალურ დონეზე ითქვა, რომ ეს ომი სინამდვილეში პროქსი ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი აშშ-სა და რუსეთს შორის. ჩვენთანაც, ვიღაცას უნდოდა პროქსები ვყოფილიყავით, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ცდილობენ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავისი მარიონეტები, რომლებიც მათ ჭკუაზე დადიოდნენ სააკაშვილის დროს. ეტყოდნენ, გაამწვავე, გაამწვავებდნენ მდგომარეობას რუსეთთან, ხან რა რიტორიკით მიმართავდნენ, ამ დღეებში ვნახეთ, ოვალურ კაბინეტში რიტორიკას თურმე რა მნიშვნელობა ჰქონია, რიტორიკას თურმე რა მნიშვნელობა ჰქონია საერთაშორისო პოლიტიკაში. ხომ მიხვდა ყველა და დაინახა პირდაპირ ეთერში, რომ რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა რიტორიკამ. ზუსტად ამას ცდილობდნენ 3 წლის წინ, ვყოფილიყავით ის პროქსები, რომელსაც ინსტრუმენტად გამოიყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის ბედი არც მაშინ ადარდებდა ვინმეს, არც ახლა, ვითომ საქართველოს დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ, მოღალატე პოლიტიკოსებს თავისი ფულით რომ დაატარებენ საკუთარ დედაქალაქებში. უკანასკნელ, ბოლო ქართველამდე იბრძოლებდნენ, როგორც ეს პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, ოღონდ საკუთარი ინტერესი გაეტარებინათ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
„ჟენევის მოლაპარაკებები დახურულია და ბევრი რამე გარეთ არც გამოდის, თუმცა, ჟენევის ფორმატი არის მცდელობა, რომ ეროვნული ინტერესები, ქვეყნის გამთლიანება, რაც არის მთავარი საკითხი იქ, იყოს წინ წაწეული. მაშინ, როდესაც ესტონური „ენჯეოები“, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ და ქართული გვარ-სახელები აქვთ მათ თანამშრომლებს და ესტონეთის ხელისუფლების მოკავშირე ოპოზიცია ცდილობს, საქართველო კვლავ შეაჯანჯღაროს და შეიყვანოს ესკალაციის და დაპირისპირების ისეთ სპირალში, რომლის ბოლოსაც ვიღაცისთვის სარგებელი და ხეირი იქნება, რუსეთი რომ გადმორთოს ახლა საქართველოზე და აქ დააკაოს, თვითონ ფეხი ფეხზე გადაიდოს, ღვინო გაყიდოს და ვისკი გაყიდოს რუსეთში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ საქართველოს მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ რიტორიკის საპირისპიროდ რუსეთის ხელისუფლების განცხადებაა, რომ უნდა მოხდეს დემარკაცია საზღვრის, რომელიც შეიძლება, მათ წარმოდგენაში არსებობს საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.
„ის, რაც სიმართლეა და სათქმელია, უნდა ითქვას ყოველთვის. რაც შეეხება ჩვენი გამთლიანების პროცესს, რა თქმა უნდა, ამას ვუყურებთ, როგორც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც საქართველოს საზოგადოების მთლიანობის აღდგენას. საქართველოს საზოგადოების მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია წარსულის გაზიარების გარეშე, გაანალიზების, თუ რა შეცდომები დაუშვა ყველამ, აქედან გამომდინარე გავიხედოთ წინ და გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. ამის ალტერნატივა რა აქვს, უცხოეთიდან მართული ოპოზიცია რას გვთავაზობდა? 3 წლის წინ ოპოზიცია და ის ესტონური „ენჯეო“, ჯერ მაშინ არ იყო ესტონური, ახლა ესტონური „ენჯეოს“ ხელმძღვანელი ქალბატონი გიგაური გვთავაზობდნენ, ტანკები დაგვექოქა და რა ვიცი, რაღაცები გაგვეკეთებინა, ხომ?! ზოგს ბომბების ცეცხლი ენატრებოდა და უნდოდა, ეს ენახა საქართველოში. ზოგს რა და ზოგს რა. ამიტომ, არსებობს ოპოზიცია, მათი მოკავშირე „ენჯეოები“, ანუ ისინი, ვინც მტრობენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და მათი გეგმა არის, ქედმაღლურად, ძალით და ა.შ. შეხედონ იმ გამოწვევას, რომელსაც ჰქვია ჩვენი საზოგადოების თუ ტერიტორიების გამთლიანება. ჩვენი დამოკიდებულება არის ცხადი და მათ შორის, წლები ზუსტად ეს პოლიტიკა გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მნიშვნელოვანი არის გააზრება ჩვენი წარსულისა და ასე გახედვა მომავალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ იშრომა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით სიმართლე გარკვეულიყო, 2008 წლის ომის, ასევე 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
„მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩვენ თუ არ გავაანალიზეთ ჩვენი წარსული, თუ არ შევხედეთ, თუ რა გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ და ამაში ვგულისხმობ ერთიან საზოგადოებას, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, რომ საბოლოო ჯამში, გავიხედოთ წინ და საზოგადოება გავამთლიანოთ, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. იანვრის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 11.1 პროცენტია. ჩვენ ვართ ლიდერი ევროპაში, აი, იმ ევროპებში, რომ გვაკრიტიკებენ, დღეს ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართულ სახელმწიფოს, ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს. ამას აკეთებენ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“, ესტონური იქნება ეს თუ სხვა წარმომავლობის „ენჯეოები“ და მათი დაფინანსებული პარტიები. ამას აკეთებენ ყოველდღე, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ, რომ ლორა თორნტონის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ქალბატონი სალომეს დამსაქმებლის სცენარი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და თქვა, რომ ვინაიდან ახლა ძალა არ გამოვიდა და შტურმით ვერ დაამხეთ ხელისუფლება, შეეცადეთ ახლა, რომ ეკონომიკას მიაყენოთ ზიანი. ანუ ქართველებს მიაყენეთ ზიანიო, ამერიკის მოქალაქეობის მქონე ეს ადამიანი პირდაპირ წერს, რომ მოდით, დავაზიანოთ ქართველი ადამიანის ცხოვრება, დავაზიანოთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა. ამ სცენარს წერს და ესტონური „ენჯეოები“, პარტიები დგანან, ამას უწონებენ, ტაშს უკრავენ. რა არის ეს, თუ არა 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეობა და ამაზეც მინდა ვთქვა, სხვა რამე კი არ ხდებოდა 100 წლის წინ. მაშინაც გვარით ქართველი სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა მე-11 არმიას. დღესაც გვარით ქართველები და რეგისტრაციით ესტონეთში მყოფები სანქციებს მოუძღვიან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის 21-ე საუკუნეში ნაცვლად ტანკებისა, უძღვებიან ახლა სანქციებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ დააზიანონ ქართველი ხალხი. ამიტომ, მაშინდელი კადრი ცოტა შემორჩენილია ერთი ორი ფოტო და შეიძლება, ერთი ორი უხმო ვიდეო ფირი არსებობდეს, დღეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება და რჩება არქივში. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები უცხოეთიდან დაფინანსებული, უცხოეთში დაფუძნებული, უცხოეთიდან წაქეზებულები, როგორ ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს მოქალაქეები და ქართველი ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შერიგებასთან დაკავშირებით მთავრობას პოზიცია აქვს – მნიშვნელოვანია, ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად საზოგადოებრივი შერიგების და გამთლიანების პროცესი, მაგრამ ე.წ. საზღვრის დემარკაცია, რა თქმა უნდა, სისულელეა.