უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტთან კამათის დროს, უკრაინის პრეზიდენტს შეცდომა არ დაუშვია და ამ კონფლიქტისთვის უკრაინამ ბოდიში არ უნდა მოიხადოს. ამის შესახებ მან Le Point- თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის {ზელენსკი} ფორმაშიც და შინაარსშიც აბსოლუტურად მართალი იყო, რუსეთზე ზეწოლის გარეშე არაფერი გამოვა. სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია რუსეთის იძულების გარეშე… ამიტომ, ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით სავარაუდო შეცდომის გამო, რომელიც არ მომხდარა, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ჰყავდა და ჰყავს ერთი მტერი – ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაცია.
„დონალდ ტრამპი რჩება უკრაინის პარტნიორად, მიუხედავად მწვავე დისკუსიისა. უკრაინამ უნდა გააგრძელოს კონსტრუქციული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მოაგვაროს უთანხმოება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში“, – აცხადებს პოდოლიაკი.
მან ასევე თქვა, რომ შეხვედრა „რაღაც მხრივ სასარგებლო იყო“.
8 თებერვალს ვაშინგტონში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინის, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის კამათის გამო ვერ შედგა.
შემდგომ კი ტრამპმა განაცხადა, რომ „ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის“.
6 მარტს ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას უკრაინული და ამერიკული დელეგაციები საუდის არაბეთში შეხვდებიან ერთმანეთს.