აშშ ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს – Reuters

აშშ-ის მთავრობა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების შემსუბუქების გზებს იკვლევს, როგორც უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, სწრაფად გააუქმოს შეზღუდვები, თუ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულებას დათანხმდება. ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა, ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

კრემლი დონალდ ტრამპი

ამ კვირის დასაწყისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აყალიბებს გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პოტენციურად გაუქმების შესახებ ცალკეულ კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, მაგრამ არ იყო ცნობილი, მოიცავდა თუ არა ეს ინიციატივა რუსეთის უზარმაზარ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას.

წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა, გამოიკვლიოს ენერგეტიკული სანქციების შემსუბუქების გზები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მოსალოდნელი მოლაპარაკებების წინ.

ეს ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, სწრაფად გააუქმოს სანქციები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. წყაროების თანახმად, მცდელობა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც იმის ნიშანი, რომ აშშ გააუქმებს სანქციებს რუსეთის დათმობების გარეშე.

ტრამპის თქმით, უახლოეს კვირებში საუდის არაბეთში პუტინთან შეხვედრას აპირებს, რათა განიხილოს შეთანხმება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციების შემსუბუქება, სავარაუდოდ, ნებისმიერი გარიგების ცენტრალური ელემენტი იქნება.

ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ფართო სანქციების პერსპექტივაზე, როგორც ძალისხმევის ნაწილი, ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. ტრამპი სანქციებით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურას დაარტყეს. რუსეთის ეს იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა.

ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების მოხსნის განხილვა არის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედებების უფრო ფართო მიმოხილვის ნაწილი, რომელიც მოიცავს სანქციების პოტენციურ გაუქმებას ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, მათ შორის ზოგიერთი რუსი ოლიგარქის მიმართ.

აშშ-ის ხაზინა ასევე განიხილავს, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთის სრულად დაბრუნება ნავთობის გლობალურ ფასებზე და როგორ შეიძლება შეცვალოს ვაჭრობის სქემები, რამაც ევროპული ბაზრების რუსულიდან ამერიკულ მიწოდებაზე გადასვლა განაპირობა.