კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკების ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის ლიბერალური პარტიის ახალ ლიდერად აირჩიეს. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.
BBC-ის ცნობით, კარნიმ მიიღო ხმების 85,9%, კრისტია ფრილენდმა – 8%, კარინა გოულდმა – 3,2%, ხოლო ფრენკ ბეილისმა – 3%. თავის გამოსვლაში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ააშენებს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უზრუნველყოფს ძლიერ ურთიერთობებს სანდო სავაჭრო პარტნიორებთან და დაიცავს ქვეყნის საზღვრებს.
მან ასევე ისაუბრა „სავაჭრო ომზე“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას გამოუცხადა. კარნი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პასუხი ამ ზომებზე სწორი იყო, რადგან მათ არ შეუძლიათ, ამ საკითხში ტრამპის წარმატება დაუშვან:
„ზომები ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე შეერთებული შტატები არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისადმი სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“.
ინფორმაციისთვის, მარკ კარნი 2003 წელს კანადის ბანკის ვიცე-გუბერნატორი იყო, ხოლო 2008 წელს გუბერნატორად დაინიშნა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ცენტრალური ბანკირი G7-ში. 2013 წელს კარნი გახდა პირველი უცხოელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ინგლისის ბანკს 2020 წლამდე.