რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ულტრამემრჯვენე პოლიტიკოსს, კელინ ჯორჯესკუს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ჯორჯესკუსთვის რეგისტრაციაზე უარს კომისიის 14 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი. განაცხადზე უარის მიზეზად დოკუმენტებში არასრული ინფორმაცია სახელდება. გადაწყვეტილებაში წერია, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას რეგისტრაციაზე უართან კავშირი არ აქვს.
ჯორჯესკუს შტაბი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. სასამართლომ გადაწყვეტილება ოთხშაბათამდე უნდა მიიღოს.
ჯორჯესკუს მომხრეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ „ქურდებო“! „მოღალატეებო! „თავისუფლება!“. კელინ ჯორჯესკუმ Х-ში დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით „დემოკრატიის გულში ლახვარი ჩასცეს“. ევროპაში დღეს დიქტატურაა, რუმინეთშიც ტირანია მძვინვარებს“, – წერს კელინ ჯორჯესკუ.
2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. არჩევნებში კელინ ჯორჯესკუ პირველ ადგილზე გავიდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სასამართლომ არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაასახელა. ამჟამად კელინ ჯორჯესკუ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. მას ბრალი წაუყენეს საკონსტიტუციო წყობის წინააღმდეგ ქმედებებში, საარჩევნო კამპანიის დროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ტიპის ორგანიზაციის შექმნაში.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს.