გერმანიაში 13 აეროპორტის თანამშრომლების მასობრივი გაფიცვის შედეგად ათასობით ავიარეისი გადაიდო. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა. მგზავრებს თანხის ანაზღაურების მიზნით სთხოვენ მიმართონ ავიაკომპანიებს. 1 170 რეისზე მეტი გაუქმდა ფრანკფურტის აეროპორტში, რამაც 150 ათასზე მეტი მგზავრი დააზარალა.
შეფერხებებია მიუნხენის აეროპორტშიც. იქ 820 რეისი გაუქმდა. მგზავრებს რეისების შესაძლო დაგვიანების შესახებ აცნობებენ და სთხოვენ ახალ ამბებს ადევნონ თვალი. მედიის ცნობით, სერიოზული პრობლემებია ჰამბურგის, დიუსელდორფის, კიოლნისა და შტუტგარტის აეროპორტებშიც.
გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება. მისი ორგანიზატორია პროფკავშირი Verdi. პროფკავშირი ითხოვს აეროპორტების თანამშრომლების ხელფასების 8-პროცენტიან მატებას, რაც თვეში 350 ევრო გამოდის, რთულ პირობებში შესრულებული სამუშაოსთვის ზეგანაკვეთური ხელფასის ზრდას და თვეში დასვენების დამატებით სამი დღის გამოყოფას. დამსაქმებლები მოთხოვნებს მაღალი ფინანსური დატვირთვის გამო მიუღებელს უწოდებენ.