იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც უკრაინაში ევროპული ძალების განლაგებას ითვალისწინებს, საჭირო არ იქნება. ტაიანის განცხადებას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მაკრონის გეგმის შესახებ იტალიის ოფიციალური პოზიციის შესახებ საუბრისას ტაიანიმ თქვა: „იმედი გვაქვს, რომ ის, რასაც მაკრონი გვთავაზობს, საჭირო არ იქნება“.
„რადგან ჩვენ – ისევე, როგორც თავად ზელენსკის – გვჯერა, რომ ომი შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს. ჩვენ სხვა ფრონტები გვაქვს ღია და უნდა ვიმუშაოთ სამართლიან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინის პოზიციას პატივს სცემს“, – აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების გაგზავნა უკრაინაში ევროპის, ან ნატოს მისიის ფარგლებში.
„კიდევ ერთი ვარიანტია გაეროს მისია, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს, როგორც დროებითმა ძალამ მშვიდობის მიღწევის შემდეგ“, – დასძინა ტაიანიმ.