„რუმინეთიზაციას გადარჩენილი საქართველო. ის რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შაქარიშვილი წერს, დიდი ცვლილებების ჟამია მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში გვქონდეს მყარი პოლიტიკური სტაბილურობა.
„ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
აღარაფერს ვამბობ, რომ ჯორჯესკუს სრულად აქვს მედიაზე წვდომა შეზღუდული და მან მხოლოდ ტიკტოკის პლატფორმიდან მოახერხა ამომრჩეველთა მხარდაჭერის მობილიზება. ევროკავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებს, პარალელურად კი, საქართველოს “დემოკრატიულ უკუსვლაში” ადანაშაულებს. რთულია შესაფერისი სიტყვები მოძებნო ამ ხარისხის უტიფრობის და პოლიტიკური ფარისევლობის შესაფასებლად.
ეს არის მოდელი, რისი მიღებაც სურდათ საქართველოში. ამიტომ აწარმოებდნენ ბრძოლას სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩასაგდებად. ამიტომ გვაძალებდნენ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ აღსრულებას, რის შედეგადაც ცესკო, სასამართლო და სხვა ინსტიტუტები აგენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო, საარჩევნო სისტემაც ისეთი ჩამოყალიბებულიყო, რომ აგენტურა მოსულიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არასდროს მიეცათ საშუალება ეროვნული ძალებისთვის მიახლოებოდნენ ხელისუფლებას.
ჩვენ დავიცავით სახელმწიფო ინსტიტუტები და ამიტომ მათ ხელში მხოლოდ გარე-ბერკეტები დარჩა – ერვოპარლამენტის რეზოლუციები, პოლიტიკური განცხადებები, სანქციები და ა.შ. მაგრამ მათი აბსურდული შინაარსიდან და უსამართლობიდან გამომდინარე ამ ბერკეტებმაც დიდი ხანია ძალა დაკარგა და კომიკურ ჟანრში გადავიდა.
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები აგენტურისგან მაქსიმალურად გაწმენდილია, მაგრამ იმისათვის, რომ საფრთხე ბოლომდე განეიტრალდეს, აუცილებელია აგენტურის განდევნა მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემიდან. დიდი ცვლილებების ჟამია მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში გვქონდეს მყარი პოლიტიკური სტაბილურობა!“ – წერს შაქარიშვილი.