სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა აქციებში მონაწილეობის გამო სტუდენტების უნივერსიტეტებიდან გარიცხვას, ოლიგარქიამ ესეც იკადრა

პრინციპულად არ ვიზიარებ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უწყვეტ საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. არასწორია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ყველაფერი ჩაწყნარებულია“. ფაქტი ჯიუტია, ივანიშვილის გუნდი ვნებიანად და სასტიკი მეთოდებით იბრძვის საკუთარი მოსახლეობის ერთი ნაწილის სამუდამოდ გასაჩუმებლად.

დააკვირდით, მილიარდერის დაჯგუფება ყოველდღიურად უტევს და ავიწროვებს პროტესტს. კვირაში რამდენიმე რეპრესიულ კანონს იღებენ. მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, რომ 500 ლარიანი ჯარიმები 5000 ლარიან სანქციებად გადააკეთეს, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ორ თვემდე გაახანგრძლივეს. სასამართლოები გადატვირთულია, კლანებს დაქვემდებარებული მსაჯულები ვერ აუდიან უსამართლო განაჩენთა გამოტანას.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ უკვე საჯარო მოხელეების ჩაგვრაზე გადავიდნენ. სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა აქციებში მონაწილეობის გამო სტუდენტების უნივერსიტეტებიდან გარიცხვას, ოლიგარქიამ ესეც იკადრა. სრულიად არაეთიკური, უღირსი პროპაგანდისტები შაბათ დღესაც კი საათობით სხედან სამთავრობო ტელევიზიათა ეთერებში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიებს, უმკაცრეს სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას არ წყვეტს საპროტესტო მუხტის განელების მიუხედავად. ხალხი დაიღალა, ჩვენი თანამოქალაქეები თითქმის ერთი წელია მუხლჩაუხრელად დგანან ქუჩაში. შეუძლებელია ყოველკვირეულად ასობით ათასი ადამიანის დარაზმვა.

ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის სეზონი პოლიტიკური თვალსაზრისით ყოველთვის პასიურია საქართველოში. თითქოს ივანიშვილის ქვეშევრდომებიც უნდა დაწყნარებულიყვნენ და ცოტა ხნით თავი უნდა შეეკავებინათ პირდაპირი, უმუხრუჭო აგრესიისაგან, მაგრამ ისინი ვეღარ ჩერდებიან.

ეს კი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მათ ნორმალურად, მშვიდად, ჰუმანურად მართვის რესურსი ამოწურეს და მხოლოდ მახვილის ენით შეუძლიათ თავიანთ შვილებთან, მეზობლებთან, ყოფილ მეგობრებთან საუბარი.

ხელისუფლებას ორი უმთავრესი მიზანი აქვს დასახული.

„ქართული ოცნების“ წევრებს სურთ, რომ ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდეს ავტორიტარიზმი და დამყარდეს ისეთი რეჟიმი, სადაც სახელისუფლებო ვერტიკალის მეთაური სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს თავის პოზიციას. ივანიშვილის ამოცანაა იცოცხლოს დიდ ხანს და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ამ სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნის ბატონ-პატრონი. ის არაფერს მოერიდება საკითხის სათავისოდ გადასაწყვეტად.

თუ საჭირო გახდა, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილ, 50 წლამდე ასაკის, განათლებული ადამიანების ფენას ქვეყნიდან გააქცევს ან ციხეში ჩაყრის, ხიშტზე წამოაგებს თავის ყველა სერიოზულ ოპონენტს.

მილიარდერის შემადგენლობის მეორე მიზანია ქვეყნის ერთგვარ ბუფერულ ზონად ქცევა. ამ უშინაარსო, უფორმო, გაუგებარი ზონის კარი ფართოდ იქნება ღია სპეკულაციური, ნახევრად კრიმინალური ეკონომიკის ნებისმიერი, დასავლელი თუ აღმოსავლელი საშუალო და მსხვილი წარმომადგენლისთვის.

მიზნების მისაღწევად ხელისუფლებას სჭირდება პროტესტის უსაშველოდ გაჭიანურება, ხალხის გადაღლა, მოქალაქეებს შორის უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გაღვივება, შეურიგებელი და კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეების განეიტრალება, “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ცენტრალურ ოპოზიციად მონიშვნა.

ძალიან მნიშვნელოვანია ხალხში საგანგებო მდგომარეობის შეგრძნების შენარჩუნება, რათა ყავლი არ გაუვიდეს „ქართული ოცნების“ უნიჭო იდეოლოგთა მიერ შეთხზულ შეთქმულების თეორიებს.

პროტესტის მონაწილეთა დამსახურებაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მეზობლებისა და დესპოტიების გარდა არავინ ელაპარაკება. თუ პროტესტი მინავლდა, საერთაშორისო იზოლაციაც შესუსტდება. მმართველი პარტია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რათა საქართველოს ყველა გულშემატკივარმა იფიქროს – ქართულ დემოკრატიას გამარჯვება არ უწერია.

აუცილებლად უნდა დავსვათ აქცენტი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისზეც. თითქმის ყველა მონოინდუსტრიულ ქალაქში – ჭიათურა, ტყიბული, ზესტაფონი, აგარა მუშაობა პარალიზებულია, კატასტროფულ მდგომარეობაშია სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ჭირს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, „ქართული ოცნება“ ვალს ვალზე იღებს, რათა სიტუაცია დააბალანსოს. გვიყვებიან მითებს 11%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ, რომელიც მოსახლეობის უმცირეს და უმდიდრეს 1%-ზე თუ აისახება.

შესაბამისად, ივანიშვილის გუნდის ამოცანაა, რომ პროტესტის გაჭიანურება-დეზინტეგრაციის პარალელურად, ბუფერული სივრცის სტატუსის მოპოვებამდე როგორმე აპარატზე მაინც მიაერთოს საქართველოს ეკონომიკა. ამ მიზნით დადიან ჩვენი ე.წ. ლიდერების თემურლენგის მონუმენტებთან და დიდი ხნის წინ მივიწყებულ ძველ, მდიდარ პარტნიორებთან.

ქართული დელეგაცია საქართველოს მტარვალ თემურლენგის მონუმენტთან, რომელიც უზბეკებს “თავისიანად” ჰყავთ გამოცხადებული, ფოტო მთავრობის საიტიდან, 7 მარტი, 2025.

 

მილიარდერს ჯერ კიდევ დარჩა მიზერული შანსი ზოგიერთ საკითხზე მაინც გამონახოს საერთო ენა ტრამპის ადმინისტრაციასთან. თუ სასწაული მოხდა და ისინი პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ ოფიციალურ ვაშინგტონთან, მათ მაინც მეორეხარისხოვან საკითხებზე მოუწევთ მსჯელობა, რადგან საქართველო აგვიანებს, საქართველო ჩამორჩენილია. ალიევიც და ფაშინიანიც უკვე პირდაპირ დიალოგს აწარმოებენ თეთრ სახლთან, არც თურქეთს და რუსეთს უჭირთ აშშ-თან კომუნიკაცია.

საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად რეგიონში, რომელმაც ხმა ვერ მიაწვდინა მსოფლიოს ვერც ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრს. სამხრეთ კავკასიის ყველაზე ხელმოცარული და ჩამორჩენილი ქვეყანა დღეს საქართველოა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი კოშმარი ელის წინ. უკვე იგრძნობა ევროპის გამოცოცხლების ნიშნები, უფრო და უფრო მეტი ევროპელი აცნობიერებს, რომ კონტინენტის თავზე აშშ-ის დამცავი ფარი დაიმსხვრა, ამიტომ აუცილებელია გამოფხიზლება, საკუთარი თავის იმედად ყოფნა, საერთო ევროპული იდეებით ძლიერი პოზიციონირება.

თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა „ქართულ ოცნებას“ განსაცდელი ელის, რადგან ვიქტორ ორბანის გარდა მათ სატელეფონო ზარებსაც კი უკვე აღარავინ პასუხობს, ევროპა დიქტატურის დამყარებას და ავტორიტარიზმის ივანიშვილის სიცოცხლის ბოლომდე გაჯანჯლებას არ დაუშვებს.

 

ლევან ლორთქიფანიძე,

“ინტრეპრესნიუსზე”