აშშ-ის დელეგაცია არ მიუწვევიათ 11 მარტს პარიზში სამხედრო წარმომადგენლების სამიტზე, სადაც უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალების შექმნაზე იმსჯელებენ, იუწყება Associated Press ფრანგ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ამერიკელები სამიტზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპელებს სურთ, აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებაზე შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
სამიტს დაესწრებიან შტაბის უფროსები, ან მათი წარმომადგენლები ნატოს წევრი თითქმის ყველა 32 ქვეყნიდან, შეერთებული შტატების გარდა. შეხვედრას არ შეუერთდებიან ხორვატიისა და მონტენეგროს დელეგაციები.
უკრაინას სამიტზე სამხედრო ოფიციალური პირი წარადგენს, რომელიც ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრი, იუწყება AP.
სამიტის მთავარი თემა იქნება იმის განხილვა, თუ როგორ უნდა შეძლონ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებმა, რომელთა შექმნის ინიციატივით საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გამოვიდნენ, თავიდან აიცილონ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის განმეორებითი ფართომასშტაბიანი შეტევა საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შემდეგ.
საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები შესაძლოა, შეიცავდეს მძიმე იარაღს და სტრატეგიული იარაღის მარაგებს, რომლებიც შეიძლება სწრაფად განთავსდეს – საათების, ან დღეების განმავლობაში – უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.
ასევე დაგეგმილია „უფრო ზუსტი და კონკრეტული“ დისკუსიები, რომლის დროსაც მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან, გამოხატონ თავიანთი სამხედრო სტრუქტურების მზადყოფნა და შესაძლებლობები ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, მისიაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურები პოლიტიკურ დონეზე მიიღებენ.