უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.
აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა დაიწყოს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პროცესი.
ცალკე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები რუსეთს აცნობებს, რომ „რუსეთისგან ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები“.