უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააზიარა დეტალები აშშ-ის წინადადების თაობაზე, რომელიც 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს.
ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ წამოაყენა წინადადება, „დაუყოვნებლივ“ გადადგას პირველი ნაბიჯი და შეეცადოს ცეცხლის სრულად შეწყვეტის დამყარებას 30 დღის განმავლობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება „არა მხოლოდ რაკეტებს, დრონებს და ბომბებს, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე“.
„უკრაინა იღებს ამ წინადადებას, ჩვენ მას პოზიტიურად მივიჩნევთ, მზად ვართ, გადავდგათ ასეთი ნაბიჯი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, ეს გააკეთოს.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანახმა ვართ და თუ რუსები დათანხმდებიან, მაშინ სიჩუმე იმუშავებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზადყოფნა, განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.
„უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის შეჩერების, ან ომის გაგრძელების მზადყოფნა“, – დასძინა მან.
როგორც ცნობილია, სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინული მხარე დათანხმდა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის დაუყოვნებლივ შემოღებას, თუ რუსეთიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები აღადგენს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს სამხედრო დახმარების მიწოდებას.